მენიუს გახსნა
”თვითმვალი ავტომობილები გარკვეულ ეტაპზე ფართოდ გამოჩნდებიან ჩვენს გზებზე. თვითმავალი ავტომობილები ხელს უწყობენ ავტო საგზაო შემთხვევების მკვეთრ შემცირებას და ასევე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ”
თვითმართვადი ავტომობილი არის მანქანა, რომელსაც შეუძლია შეიგრძნოს გარემო და გააკონტროლოს მოძრაობები ადამიანის ჩარევის გარეშე. არსებობს თვითმართვადი ავტომობილების 6 დონე; ტექნიკურად ეს დონეები 0-5-მდე შემდეგნაირად არის დაყოფილი:
0 დონე ნიშნავს, რომ საერთოდ არ არსებობს ავტონომია. ამ ტიპის ავტომობილით, მძღოლი პასუხისმგებელი იქნება მართვის ყველა ასპექტზე. 1 დონე მოიცავს მძღოლის დახმარების ზოგიერთ მახასიათებელს, როგორიცაა ზოლის შენარჩუნების ასისტენტი, ან ადაპტაციური საკრუიზო კონტროლი. მაგრამ მანქანას ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი დავალების შესრულება შეუძლია. დონე 2 არის ნაწილობრივი ავტომატიზაცია. ამ დონის ავტონომიურობით, ავტომობილს შეუძლია შეასრულოს 2 ან მეტი ავტომატიზირებული ამოცანა, როგორიცაა საჭის მართვა და აჩქარება ერთდროულად. ამ შემთხვევებშიც კი მძღოლი კვლავ აკონტროლებს ავტომობილს. დონე 3 არის პირობითი ავტომატიზაცია. ამ დონეზე ავტომობილს შეუძლია გადაადგილდეს A წერტილიდან B წერტილამდე ადამიანის ჩარევის გარეშე, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პირობებში. მძღოლი მზად უნდა იყოს ნებისმიერ დროს მოქმედებისათვის, რადგან სისტემა კრიტიკულ სიტუაციებში ჩართულობას ითხოვს. მე -4 დონე არის მაღალი ავტომატიზაცია. მე -4 დონეზე, ავტომობილი მართვის უმეტეს პირობებში სრულად ავტონომიურად ითვლება.ავტომობილს შეუძლია დამოუკიდებლად მართოს და არ მოითხოვოს ადამიანის ჩართულობა. მაგრამ ავტომობილი იმუშავებს მხოლოდ გეოგრაფიულად შემოსაზღვრულ ადგილებში და არ იმუშავებს გარკვეულ ამინდურ პირობებში. მე –5 დონე არის სრული ავტომატიზაცია. ავტომობილს შეუძლია თვით მართვა ნებისმიერ პირობებში. ასეთ ავტომობილში შესაძლოა არ იყოს საჭე, ან სამუხრუჭე პედალი.
მანამ სანამ სრულად ავტონომიური ავტომობილები არ გამოჩნდებიან გზაზე, ადამიანები კვლავ უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი თავიანთი ავტომობილების მართვაზე და გააცნობიერონ არსებული ტექნოლოგიების შეზღუდვები.
ჩვენ, ადამიანები, თვალებით ვხედავთ ჩვენს გარემოცვას. თვითმართვადი ავტომობილები კი გარემოს აღსაქმელად სენსორულ ტექნოლოგიებს იყენებენ. LIDAR, ან სინათლის აღმოჩენა და მანძილის გაზომვა ამ სენსორულ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება. LIDAR იყენებს ლაზერული ტალღების იმპულსებს, რათა შექმნას გარემოს 3D რენდერი. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ LIDAR არის თვითმართვადი ავტომობილის თვალები.
ადამიანების უმეტესობას სჯერა, რომ სრულად ავტონომიური ავტომობილების ეპოქა სწრაფად ახლოვდება. რადგანაც ხდება ტექნოლოგიის ტესტირება და დანერგვა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მას აქვს პოტენციალი მთლიანად გარდაქმნას ჩვენი ცხოვრების წესი. როგორ შეიცვლება ყველაფერი? აი რას უნდა ველოდოთ მომავლისგან:
პირველ რიგში, თვითმართვადი ავტომობილები შესაძლოა სიცოცხლის გადარჩენის ტექნოლოგიის წყარო იყოს. მსოფლიოში დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება ავტოავარიების შედეგად ყოველწლიურად. ავტოსაგზაო შემთხვევების 90% გამოწვეულია ადამიანის შეცდომით. კვლევის თანახმად, თვითმართვად ავტომობილებს ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირებით ყოველწლიურად 29 447 სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ.
თვითმართვა სარგებლის მომტანია არა მხოლოდ ინდივიდუალური ადამიანებისათვის, არამედ ზოგადად საზოგადეობისათვის. წარმოიდგინეთ რომ ავტომობილი მარტივად მიგიყვანთ დანიშნულების ადგილას და გააგრძელებს გზას მომდევნო მგზავრთან შესახვედრად. ანუ, აღარ იქნება საჭირო მიწისქვეშა პარკინგი და ზოგადად ავტომობილის გასაჩერებელი ადგილები. შესაბამისად, არსებული პარკირების ადგილები შესაძლოა მწვადე სივრცეებად და დასასვენებელ პარკებად გადაკეთდეს.
გარდა ჩვენი ქალაქების ლანდშაფტური ცვლილებისა, თვითმართვად ავტომობილებს შეუძლიათ უზრუნველყონ უპრეცედენტო მობილობა, შესაბამისად, ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი უპრობლემოდ შეძლებს გადაადგილებას. ტრანსპორტირება ადამიანებისათვის უმთავრესია სამუშაოს დასაწყებად და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. შესაბამისად, ავტონომიურ ავტომობილებს შესაძლებლობა აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეუქმნან გადაადგილების თავისუფლება.
შეჯახების ძირითადი მიზეზი ადამიანის შეცდომებია. მაგრამ, ვინ იქნება პასუხისმგებელი შეჯახებებზე ავტონომიურ სამყაროში? იქნება ეს თვითმართვადი ავტომობილი? თუ მგზავრი, ვინც იყენებს მომსახურებას? ან, იქნებ ავტო მწარმოებელი? ამგვარი სიტუაციების სამართავად ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ცვლილებები სადაზღვევო პოლისებში, რათა სადაზღვევო კომპანიებს შეეძლოთ დაფარონ სხვადასხვა ტიპის ავტონომიური მომსახურება და ავტო მოდელები. ასევე, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ზოლების შექმნა თვითმართვადი ავტომობილებისათვის. ასე რომ, თვითმართვადი ავტომობილები დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ ავტო მწარმოებლებისათვის, არამედ მარეგულირებლისთვისაც. საჭიროა ინდუსტრია და მარეგულირებელი ორგანიზაციები გაერთიანდნენ და განაახლონ ათწლეულების განმავლობაში მოქმედი კანონები.